top of page

ᲕᲘᲢᲐᲛᲘᲜᲔᲑᲘᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐ: ᲐᲦᲛᲝᲩᲔᲜᲘᲓᲐᲜ ᲗᲐᲜᲐᲛᲔᲓᲠᲝᲕᲔᲝᲑᲐᲛᲓᲔ

  • Writer: Badri Beroo
    Badri Beroo
  • Feb 17
  • 3 min read

Updated: Jul 2

ადამიანები ყოველთვის აცნობიერებდნენ, რომ კვება და ჯანმრთელობა ერთმანეთთან იყო დაკავშირებული, თუმცა თანამედროვე საკვებ დანამატებამდე გზა ათასწლეულებს ითვლის. ახლა როდესაც საკვებ დანამატებზე გაიფიქრებ, ალბათ, თვალწინ კაფსულები და ფხვნილები წარმოგიდგება, მაგრამ როგორ მივიდა კაცობრიობა თანამედროვე საკვებ დანამატებამდე?


ᲣᲫᲕᲔᲚᲔᲡᲘ ᲓᲠᲝ: ᲑᲣᲜᲔᲑᲠᲘᲕᲘ ᲡᲐᲛᲙᲣᲠᲜᲐᲚᲝ ᲡᲐᲨᲣᲐᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲩᲔᲜᲐ


ძველ ეგვიპტეში თაფლს ეთაყვანებოდნენ, როგორც მძლავრ ელექსირს, რომელიც ფასობდა არა მარტო თავისი სიტკბოთი, არამედ ანტისეპტიკური და იმუნიტეტის გამაძლიერებელი თვისებების გამოც. ძველი ბერძნები ნიორს იყენებდნენ სასიცოცხლო ძალების მომატების მიზნით, განსაკუთრებით ოლიმპიურ სპორტსმენებს შორის. ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში იყენებდნენ ჟენშენსა და სამედიცინო სოკოს - სჯეროდათ, რომ ორივე მათგანს ენერგიის მომატება და სიცოცხლის გახანგრძლივება შეეძლო. ინდოეთში განთქმული იყო კურკუმასა და აშვაგანდას ბალახების სამკურნალო თვისებები, როგორც ანთების საწინააღმდეგო და სტრესის შემამსუბუქებელი საშუალებები. სწორედ ეს ადრეული სამკურნალო საშუალებები წარმოადგენდა სამყაროს პირველ საკვებ დანამატებს.


ᲡᲐᲛᲔᲪᲜᲘᲔᲠᲝ ᲠᲔᲕᲝᲚᲣᲪᲘᲐ: ᲒᲐᲠᲓᲐᲛᲢᲔᲮᲘ ᲬᲔᲠᲢᲘᲚᲘ


მე-19 საუკუნეში მეცნიერებამ კვების საიდუმლოების გამოვლენა დაიწყო. 1838 წელს ნიდერლანდელმა ქიმიკოსმა გერიტ იან მულდერმა (Gerrit Jan Mulder) ერთ-ერთი ქიმიური ნივთიერების, ცილის შესახებ დაიწყო საუბარი. ის მიიჩნევდა, რომ ცილა ადამიანის კვების მნიშვნელოვანი ელემენტია.


მე-19 საუკუნის ბოლოს, იაპონელმა საზღვაო ექიმმა კანეჰირო ტაკაკიმ (Takaki Kanehiro) გახშირებული ბერი-ბერის დაავადება, რომელიც ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვასა და გულის უკმარისობას იწვევს, მეზღვაურების არასრულფასოვან საკვებ რაციონს დაუკავშირა. მან ივარაუდა, რომ ბერი-ბერის დაავადების გავრცელება რაციონში ცილის ნაკლებობის ბრალი იყო.


შემდეგ ნიდერლანდელმა ექიმმა კრისტიან ეიკმანმა (Christiaan Eijkman) ქათმებზე დაკვირვებით აღმოაჩინა, რომ თეთრი ბრინჯით გამოკვებილ ქათმებს ბერი-ბერის დაავადების მსგავსი სიმპტომები უვლინდებოდათ, ხოლო ყავისფერი ბრინჯით ნასაზრდოები ქათმები ჯანმრთელები რჩებოდნენ. კრისტიან ეიკმანმა კვლევა განაგრძო და შენიშნა, რომ პატიმრებს, რომლებიც ასევე თეთრი ბრინჯით იკვებებოდნენ, აწუხებდათ ბერი-ბერის დაავადება.


რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზი - ბრინჯის დამუშავების პროცესი?


მე-20 საუკუნის დასაწყისში, პოლონელმა ბიოქიმიკოსმა კაზიმირ ფუნკმა (Casimir Funk) დაიწყო თეთრი ბრინჯისგან მოშორებული ქერქისა და ქატოს კვლევა. მტრედებზე ჩატარებული ცდების შედეგად აღმოაჩინა, რომ მტრედები, რომლებიც თეთრი ბრინჯით იკვებებოდნენ, ავადდებოდნენ, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბრინჯის ქატოსა და საფუარის მიღების შემდეგ უმჯობესდებოდა. ამ კვლევებმა დაადასტურა კანეჰირო ტაკაკის თეორია კვებასა და ბერი-ბერის დაავადებას შორის კავშირზე, თუმცა დაავადების გამომწვევი მიზეზი არა ცილის დეფიციტი, არამედ სხვა ნივთიერებების ნაკლებობა აღმოჩნდა. 1912 წელს კაზიმირ ფუნკმა თავის თეორიაში აღნიშნა, რომ ეს ნივთიერება აზოტის შემცველი ნაერთია და მას ვიტამინი უწოდა, რაც ლათინური სიტყვებიდან "Vita" (სიცოცხლე) და "Amine" (აზოტის შემცველი ნაერთი) წარმოიშვა.


ეს აღმოჩენა - რომ კონკრეტული დაავადებების მიზეზი შეიძლებოდა არასრულფასოვანი კვება ყოფილიყო - გარდამტეხი წერტილი აღმოჩნდა სამეცნიერო აზროვნებაში.


სხვა მეცნიერებმა კაზიმირ ფუნკის მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტებზე დაყრდნობით, დაიწყეს სხვა მნიშვნელოვანი მიკრონუტრიენტების იდენტიფიცირება, რომელთა ნაკლებობაც სხვადასხვა დაავადებასთან იყო დაკავშირებული. ვიტამინების ანბანის მიხედვით დასახელება (A, B, C...) მათი აღმოჩენის რიგითობით განაგრძეს. მოგვიანებით სიტყვა "Vitamine"-ს ბოლო ასო "e" ჩამოაშორეს, რადგან დაადგინეს, რომ ყველა ნაერთი არ წარმოადგენდა "Amine"-ს, ანუ არ შეიცავდა აზოტს.


ამერიკელმა ბიოქიმიკოსმა ელმერ მაკკოლუმმა (Elmer Verner McCollum) სხვადასხვა ცხოველზე ჩაატარა ცდები და აღმოაჩინა ნივთიერება, რომელიც ცხიმში იხსნება და ზრდისთვის არის აუცილებელი. ეს ნივთიერება დღეს ცნობილია, როგორც ვიტამინი A. ბრინჯის ქატოდან მიღებულ ნივთიერებას ვიტამინი B უწოდეს, თუმცა როგორც აღმოაჩინეს, ეს ნივთიერება წყალში ხსნადი 8 სხვადასხვა ვიტამინი ყოფილა. ყოველ მათგანს საკუთარი სახელი დაარქვეს და აღმოჩენების თანმიმდევრობის მიხედვით მიანიჭეს ციფრი.


დღეს ცხიმში ხსნადი ოთხი ვიტამინი - A, D, E და K - ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ელემენტად მიიჩნევა. ასევეა, ცნობილია წყალში ხსნადი 9 ვიტამინი:


  • B1 - თიამინი

  • B2 - რიბოფლავინი

  • B3 - ნიაცინი

  • B5 - პანტოთენის მჟავა

  • B6 - პირიდოქსინი

  • B7 - ბიოტინი

  • B9 - ფოლატი

  • B12 - კობალამინი

  • C - ასკორბინის მჟავა


ვიტამინი K აცდენილია ანბანურ თანმიმდევრობას. ის დანიელმა ბიოქიმიკოსმა, კარლ პეტერ ჰენრიკ დამმა (Carl Peter Henrik Dam) ღმოაჩინა 1929 წელს. დასახელება K მოდის დანიური სიტყვიდან - Koagulation - რაც კოაგულაციას ნიშნავს და ამ ნივთიერების მნიშვნელოვან როლს აღნიშნავს კოაგულაციის (სისხლის შედედების) პროცესში.


ბოლო ვიტამინი - B12 - 1948 წელს აღმოაჩინეს.


ვიტამინების აღმოჩენამ სამედიცინო და კვების მეცნიერებაში რევოლუცია მოახდინა და დღეს უკვე ვიცით, რომ თითოეული ვიტამინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის. საკვები დანამატები სულ უფრო მეტად ინოვაციური და ხელმისაწვდომი ხდება. ვიტამინებისა და მინერალების მიღება კაფსულების, ტაბლეტების, ფხვნილებისა და სითხეების სახით უკვე უამრავი ადამიანის ცხოვრების ნაწილია. მეცნიერებმა არა მხოლოდ გაიგეს, როგორ აინაზღაურონ ორგანიზმში მიკრონუტრიენტების დეფიციტი, არამედ შექმნეს მაღალტექნოლოგიური ფორმულები, რომლებიც მაქსიმალურად ეფექტიანად შეიწოვება ორგანიზმის მიერ.

 
 
 

Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.
bottom of page