top of page

ᲙᲐᲜᲘᲡ ᲛᲝᲕᲚᲐ ᲖᲐᲤᲮᲣᲚᲨᲘ: ᲠᲝᲒᲝᲠ ᲓᲐᲕᲘᲪᲕᲐᲗ ᲙᲐᲜᲘ ᲛᲖᲘᲡᲒᲐᲜ ᲓᲐ ᲨᲔᲕᲘᲜᲐᲠᲩᲣᲜᲝᲗ ᲑᲣᲜᲔᲑᲠᲘᲕᲘ ᲑᲖᲘᲜᲕᲐᲠᲔᲑᲐ?

  • Writer: mgelashvili7
    mgelashvili7
  • Jul 9
  • 4 min read

ცხელი ამინდი, მზის სხივები, ზღვა, ქლორი, მტვერი - ზაფხულში ჩვენი კანი განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს. მიუხედავად იმისა, რომ მზე ჩვენს ორგანიზმს ენერგიას, კარგ განწყობასა და ვიტამინ D-ს სთავაზობს, კანის დაუცველ მდგომარეობაში მის ზემოქმედებას შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს - კანის ბუნებრივი ბარიერი შეიძლება მნიშვნელოვნად დაზიანდეს, რაც ნიშნავს კანის ადრეულ დაბერებას, პიგმენტაციას, სიმშრალესა და ზოგჯერ უფრო სერიოზულ პრობლემებს, მაგალითად, კანის მელანომას.


მაგრამ კარგი ამბავიც არსებობს: თუ იცი, როგორ დაიცვა კანი სწორად, შეგიძლია შეინარჩუნო ჯანსაღი, მკვრივი და ბუნებრივად ბზინვარე კანი მთელი ზაფხულის განმავლობაში.


ᲠᲐ ᲖᲘᲐᲜᲡ ᲐᲧᲔᲜᲔᲑᲡ ᲛᲖᲘᲡ ᲡᲮᲘᲕᲔᲑᲘ ᲓᲐᲣᲪᲕᲔᲚ ᲙᲐᲜᲡ?


მზის სხივები - განსაკუთრებით კი ულტრაიისფერი UVA და UVB სხივები - დროთა განმავლობაში კანის ღრმა ფენებამდე აღწევს და კანის სტრუქტურულ დაზიანებას იწვევს, რაც შემდგომში კანის დაბერებასა და პიგმენტური ლაქების წარმოქმნას უწყობს ხელს. მაღალი ტემპერატურა კი ამცირებს კანის ტენიანობას და აფერხებს მის ბუნებრივ აღდგენით პროცესებს. თუ კანი უყურადღებოდ რჩება, მზეზე ხანგრძლივი ყოფნა შესაძლოა გახდეს სერიოზული კანის დაავადებების, მათ შორის, კანის კიბოს განვითარების რისკფაქტორი.


ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲘᲕᲮᲕᲓᲔᲗ, ᲠᲝᲛ ᲙᲐᲜᲘ ᲛᲖᲘᲡᲒᲐᲜ ᲣᲙᲕᲔ ᲓᲐᲖᲘᲐᲜᲔᲑᲣᲚᲘᲐ?


  • კანის სიმშრალე, აქერცვლა ან დაჭიმულობის შეგრძნება

  • პიგმენტური ლაქები ან გამონაყარი

  • კანის გადაღლილი, მქრქალი შეფერილობა

  • მომატებული მგრძნობელობა ან წვის შეგრძნება მზეზე მცირე დროით ყოფნის შემთხვევაშიც კი


ᲠᲐᲡ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ SPF ᲓᲐ ᲠᲐᲢᲝᲛ ᲒᲕᲭᲘᲠᲓᲔᲑᲐ?


SPF (Sun Protection Factor) იგივე მზისგან დამცავი ფაქტორი არის ნივთიერება, რომელიც შთანთქავს ულტრაიისფერ სხივებს და იცავს კანს მავნე ზემოქმედებისგან. SPF-ით კანის დაცვა მნიშვნელოვანია ნებისმიერ სეზონსა და ამინდში. SPF-ის ნომერი გვეუბნება, რამდენად უფრო გვიან მიაღწევს UV რადიაცია კანის შრეებამდე.


ცნობილია, რომ:


  • SPF 15 - ბლოკავს UVB სხივების დაახლოებით 93%-ს

  • SPF 30 - ბლოკავს 97%-ს

  • SPF 50 - ბლოკავს 98%-ს

  • SPF 100 - უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას


აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის მიხედვით ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად იყენებენ მზისგან დამცავს (SPF 15-ს ან უფრო მაღალი მზისგან დამცავი ფაქტორის შემცველ კრემს), კანის დაბერების პროცესს 24%-ით ამცირებენ.


ᲕᲘᲢᲐᲛᲘᲜᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲛᲘᲜᲔᲠᲐᲚᲔᲑᲘ ᲙᲐᲜᲘᲡ ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ


ᲙᲝᲚᲐᲒᲔᲜᲘ


კოლაგენი არის ცილა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ყველაზე დიდი რაოდენობით გვხვდება და წარმოადგენს კანის, ძვლების, კუნთებისა და შემაერთებელი ქსოვილების ძირითად სტრუქტურულ კომპონენტს. ასაკის მატებასთან ერთად, დაახლოებით 25 წლიდან, ორგანიზმში კოლაგენის გამომუშავება მცირდება და ამის შემდეგ ყოველწლიურად კოლაგენის 1%-ს ვკარგავთ. 40 წლის ასაკისთვის კოლაგენის დონე მკვეთრად მცირდება და ამ დროისთვის შედეგები უკვე თვალსაჩინოა:


  • კანი კარგავს ელასტიკურობას

  • ჩნდება ნაოჭები

  • ქვეითდება კანის ტონუსი

  • კანი შრება და ხდება მეტად მგრძნობიარე


კოლაგენის დეფიციტი განსაკუთრებით სწრაფად იზრდება მზის ზემოქმედების, სტრესისა და არაჯანსაღი კვების პირობებში.


კოლაგენის ბუნებრივი წარმოქმნა შესაძლებელია წახალისდეს როგორც სწორი კვებით, ისე საკვები დანამატებით. კოლაგენის ბუნებრივი წყაროებია: ხორცი, თევზი, ბულიონი, კვერცხი, ბულგარული წიწაკა, ბარდა, ბროკოლი, ციტრუსი, კენკრა, ბანანი, ანანასი.


ᲰᲘᲐᲚᲣᲠᲝᲜᲘᲡ ᲛᲟᲐᲕᲐ


ჰიალურონის მჟავა (Hyaluronic Acid) არის გამჭვირვალე ნივთიერება, რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება სხეულის მიერ და მოქმედებს, როგორც უჯრედული ტენიანობის ბუნებრივი დამცველი - ერთ გრამ ჰიალურონის მჟავას შეუძლია შეაკავოს დაახლოებით 6 ლიტრამდე წყალი, რაც ხელს უწყობს კანის ღრმა დატენიანებას, გლუვ ზედაპირსა და ბუნებრივ ბზინვარებას.


30 წლიდან ჰიალურონის ბუნებრივი გამომუშავება იკლებს, რაც იწვევს:


  • კანის გამოშრობასა და ტექსტურის ცვლილებას

  • ზედაპირული ნაოჭების გაღრმავებას

  • დაჭიმულობისა და დისკომფორტის შეგრძნებას


მზის ზემოქმედება, ოფლისგან ტენის დაკარგვა და დეჰიდრატაცია ორგანიზმში ჰიალურონის მარაგს განსაკუთრებით ამცირებს.


ᲕᲘᲢᲐᲛᲘᲜᲘ C


ვიტამინი C ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია კანისთვის, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა მზე თავისუფალი რადიკალების სიჭარბეს იწვევს. C ვიტამინის ეფექტურობა რამდენიმე მიმართულებით ვლინდება, მაგალითად:


  • ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს

  • ამცირებს პიგმენტურ ლაქებს

  • იცავს კანს უჯრედული დაზიანებისგან

  • აძლიერებს კანის ბარიერულ ფუნქციას


C ვიტამინის ბუნებრივი წყაროებია ციტრუსები (ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი), კენკროვანი ხილი (მარწყვი, მოცვი, ჟოლო, შავი მოცხარი), კომბოსტო, ბროკოლი, კარტოფილი და პომიდორი.


ᲕᲘᲢᲐᲛᲘᲜᲘ E


ვიტამინი E წარმოადგენს ცხიმში ხსნად ანტიოქსიდანტს, რომლის მიღება განსაკუთრებით ეფექტურია C ვიტამინთან კომბინაციაში - ერთად ისინი მნიშვნელოვნად აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას. თავის მხრივ, E ვიტამინი კანს შემდეგ ეფექტს ანიჭებს:


  • იცავს მას მზის სხივებისგან გამოწვეული სტრესის დროს

  • ამშვიდებს ანთებით პროცესებს

  • აძლიერებს დატენიანების უნარს

  • ებრძვის ფოტოდაბერებას


მისი ბუნებრივი წყაროებია: კარტოფილი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა, ისპანახი, ჭარხალი, გოგრა, კომბოსტო, ნუში, თხილი და მზესუმზირა.


ᲗᲣᲗᲘᲐ ᲓᲐ ᲡᲔᲚᲔᲜᲘ


თუთია აუცილებელია როგორც კანის რეგენერაციისთვის, ისე ცხიმოვანი ბალანსის რეგულაციისთვის. ის მონაწილეობს უჯრედების განახლებაში და ხელს უშლის კანის ანთებით მდგომარეობებს.


თუთია უზრუნველყოფს:


  • მიკროდაზიანებების შეხორცებას

  • ცხიმოვანი ჯირკვლების ნორმალიზებას (განსაკუთრებით ცხიმიანი კანისთვის)

  • კანის დაცვას ანტიოქსიდანტური თვისებებით

  • UV სხივებისგან გამოწვეული სტრესის შემცირებას


სელენიც მოქმედებს, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს კანის უჯრედებს დაზიანებისგან, ამცირებს მზის ზემოქმედებით გამოწვეულ სტრესს და ანელებს დაბერების პროცესს. ამასთან, აძლიერებს იმუნურ სისტემას, რაც კანის ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება.


ᲠᲝᲒᲝᲠ ᲓᲐᲕᲘᲪᲕᲐᲗ ᲙᲐᲜᲘ ᲡᲬᲝᲠᲐᲓ ᲖᲐᲤᲮᲣᲚᲨᲘ?


  • გამოიყენე SPF კრემი ყოველდღიურად - უმჯობესია მინიმუმ SPF 30, სახეზე, ყელისა და დეკოლტეს არეზე, რადგან მზის ზემოქმედებისას ეს ზონები პირველი ავლენს ფოტოდაბერების ნიშნებს. ამასთან, თუ დიდი ხნის განმავლობაში იმყოფები მზეზე, რეგულარულად გაიახლე SPF კანზე - ეს ამცირებს პიგმენტური ლაქების, ნაოჭებისა და კანის კიბოს განვითარების რისკს.

  • მიიღე ხარისხიანი დანამატები - კოლაგენი, ჰიალურონი, ანტიოქსიდანტები და ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც შიგნიდან კვებავს კანის ღრმა შრეებს და ეხმარება მას ტენიანობის შენარჩუნებაში, ელასტიკურობის აღდგენასა და სტრუქტურული სიჯანსაღის შენარჩუნებაში. ხშირად კანის გარეგანი მოვლის საშუალებები მხოლოდ კანის ზედაპირზე მოქმედებს, მაშინ როცა კანის რეალური სიჯანსაღე იწყება შიდა შრეებიდან - სწორედ იქ, სადაც ხდება უჯრედების განახლება, კოლაგენის სინთეზი და ტენიანობის ბალანსი.

  • მიიღე საკმარისი რაოდენობის წყალი - ყველაზე საბაზისო და ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური კომპონენტი კანის ჯანმრთელობისთვის. საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება ხელს უწყობს კანის ღრმა დატენიანებას, ტოქსინების გამოდევნასა და უჯრედების სწორ ფუნქციონირებას. დეჰიდრატაცია, პირველ რიგში, სწორედ კანზე აისახება - სიმშრალით, ელასტიკურობის დაკარგვითა და დაღლილი იერით. ზაფხულში კი, როდესაც ოფლის საშუალებით ორგანიზმიდან დამატებითი ტენიანობა იკარგება, წყლის რეგულარული მიღება კანის ბუნებრივი ბზინვარებისთვის აუცილებელი ეტაპია.

  • რეგულარულად ჩაიტარე კანის მოვლის რუტინა - ყველას კანი განსხვავებულია და რაც ერთისთვის მუშაობს, ხშირად სხვისთვის შედეგს ვერ იძლევა. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ ყოველდღიური რუტინა მორგებული იყოს შენი კანის ტიპსა და საჭიროებებზე - ცხიმიან, მშრალ, კომბინირებულ თუ მგრძნობიარე კანზე. კანის მოვლის რუტინა მოიცავს ნაზ წმენდას, ტონერის გამოყენებას, ღრმა დატენიანებასა და მზისგან დაცვას SPF-ით - ყოველდღე. სწორედ ეს მარტივი, მაგრამ თანმიმდევრული ნაბიჯები ქმნის კანის ჯანმრთელობისა და სილამაზის მყარ საფუძველს.


არ დაელოდო პირველ პიგმენტურ ლაქას - აღმოაჩინე შენზე მორგებული საკვები დანამატები და კანის მოვლის საშუალებები ჩვენს სივრცეში და დაიწყე ზრუნვა, რადგან კანის დაცვა დღეს ნიშნავს ახალგაზრდულ იერს მომავალში.

 
 
 

Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.
bottom of page