top of page

ᲓᲘᲐᲑᲔᲢᲣᲠᲘ ᲢᲔᲠᲤᲘ: ᲠᲝᲒᲝᲠ ᲐᲛᲝᲕᲘᲪᲜᲝᲗ ᲡᲘᲛᲞᲢᲝᲛᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲐᲕᲘᲪᲘᲚᲝᲗ ᲒᲐᲠᲗᲣᲚᲔᲑᲔᲑᲘ?

  • Writer: mgelashvili7
    mgelashvili7
  • Jul 2
  • 2 min read

Updated: Aug 18

შაქრიანი დიაბეტი მხოლოდ ორგანიზმში შაქრის დონის მატება არ არის. ეს დაავადება შეიძლება ჩვენს სხეულში მდუმარე საფრთხედ იქცეს - და ამ საფრთხის ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი გამოვლინება სწორედ დიაბეტური ტერფია.

 

დიაბეტური ტერფი შაქრიანი დიაბეტის გართულებაა, რომელიც პაციენტთა უმრავლესობას გლუკოზის არასათანადო კონტროლის პირობებში უვითარდება. დიაბეტური ტერფი გამოხატულია, როგორც ინფექცია, წყლული და ქსოვილების დაზიანება. ის ყოველწლიურად დაახლოებით 18.6 მილიონ ადამიანს აღენიშნება მსოფლიოს მასშტაბით. სამწუხაროდ, დაგვიანებული მკურნალობისა და გართულებების გამო დიაბეტური ტერფი ქვემო კიდურების ამპუტაციის ყველაზე ხშირი მიზეზია.


ᲓᲘᲐᲑᲔᲢᲣᲠᲘ ᲢᲔᲠᲤᲘᲡ ᲢᲘᲞᲔᲑᲘ


დიაბეტური ტერფის რამდენიმე ფორმას გამოყოფენ, მათ შორის:

 

  • ანგიოპათიური - გამოწვეულია სისხლის მიმოქცევის დარღვევითა და სისხლძარღვოვანი პრობლემებით

  • ნეიროპათიული - ვითარდება ნერვული დაბოლოების დაქვეითების შედეგად

  • კომბინირებული (შერეული) - ნეიროიშემიური ფორმა, რომელიც ზემოაღნიშნულ ორივე პრობლემას ერთად მოიცავს.


ᲓᲘᲐᲑᲔᲢᲣᲠᲘ ᲢᲔᲠᲤᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲛᲬᲕᲔᲕᲘ ᲛᲘᲖᲔᲖᲔᲑᲘ


დიაბეტური ტერფი ვითარდება შაქრიანი დიაბეტის გართულების შედეგად, როდესაც სისხლში შაქრის მაღალი დონე დროის განმავლობაში აზიანებს ნერვულ დაბოლოებებსა და სისხლძარღვებს. ამის გამო ადამიანს უქვეითდება მგრძნობელობა და ნაკლებად გრძნობს ტკივილს ფეხებში, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება ვერ შენიშნოს მცირე ჭრილობები ან ბუშტუკები. პარალელურად, ქვეითდება სისხლის მიმოქცევაც, რაც აფერხებს შეხორცების პროცესს. ეს ფაქტორები ერთად ქმნის საფუძველს ინფექციებისა და წყლულების განვითარებისთვის და სწორედ ასე იჩენს თავს დიაბეტური ტერფი.


ᲓᲘᲐᲑᲔᲢᲣᲠᲘ ᲢᲔᲠᲤᲘᲡ ᲡᲘᲛᲞᲢᲝᲛᲔᲑᲘ


შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტები ყურადღებით უნდა დააკვირდნენ ქვემო კიდურების მდგომარეობას, რათა შემცირებული მგრძნობელობის პირობებში დიაბეტური ტერფისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ გამორჩეთ.

 

დიაბეტური ტერფის სიმპტომებია:


  • სიწითლე

  • შეშუპება

  • დაბუჟება

  • კიდურების გაციება

  • სიარულის გაძნელება

  • ტერფისა და ფეხის ქვედა ნაწილის კანის ფერის ცვლილება

  • სიმშრალე და ტერფის კანის აქერცვლა

  • ფრჩხილების დეფორმაცია.


ᲓᲘᲐᲑᲔᲢᲣᲠᲘ ᲢᲔᲠᲤᲘᲡ ᲛᲙᲣᲠᲜᲐᲚᲝᲑᲐ ᲓᲐ ᲛᲐᲠᲗᲕᲐ


ყველაფერი იწყება დიაბეტის სწორად მართვით - რაც გულისხმობს გლუკოზის კონტროლს, ჯანსაღ კვებას, ფიზიკურ აქტივობასა და ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს. ტერფის დაზიანების შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ:

 

  • სპეციალური ფეხსაცმელი

  • სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატები

  • ანტიბიოტიკები ინფექციისთვის

  • საჭიროების შემთხვევაში - ქირურგიული ჩარევაც კი

 

მაგრამ მთავარი გზავნილია: პროფილაქტიკა გაცილებით უმტკივნეულოა, ვიდრე მკურნალობა.


ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲝᲕᲣᲐᲠᲝᲗ ᲓᲘᲐᲑᲔᲢᲣᲠ ᲢᲔᲠᲤᲔᲑᲡ ᲧᲝᲕᲔᲚᲓᲦᲘᲣᲠᲐᲓ?


შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის ტერფების ყოველდღიური მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად. გიზიარებთ აუცილებელ რჩევებს:

 

  • ყოველდღიურად დააკვირდით თქვენს ტერფებს - შეამოწმეთ, ხომ არ გაქვთ ჭრილობა, კანის სიმშრალე, სიწითლე ან კანის შეფერილობის ცვლილება

  • დაიბანეთ ფეხები თბილი (არა ცხელი!) წყლით ყოველდღე, ნაზად გაიმშრალეთ რბილი პირსახოცით, განსაკუთრებით თითებს შორის

  • დაიტენიანეთ კანი სპეციალური კრემით, თუმცა მოარიდეთ თითებს შორის ადგილს, რათა თავიდან აიცილოთ სოკოვანი ინფექცია

  • არ გადაჭრათ გარქოვანებული კანი ან კოჟრები დამოუკიდებლად - ამისთვის მიმართეთ სპეციალისტს

  • ყოველდღიურად გამოიცვალეთ წინდები, ეცადეთ ატაროთ ბამბის ან სპეციალური დიაბეტური ტერფისთვის განკუთვნილი წინდები

  • შეარჩიეთ კომფორტული, რბილი და კარგად მორგებული ფეხსაცმელი, რომელიც არ გიჭერთ და არ გიღიზიანებთ კანს

 

ეს მარტივი ჩვევები დაგეხმარებათ ტერფების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და გართულებების თავიდან აცილებაში.

 
 
 

Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.
bottom of page