top of page

ᲜᲐᲬᲚᲐᲕᲔᲑᲘᲓᲐᲜ ᲢᲕᲘᲜᲐᲛᲓᲔ: ᲛᲔᲜᲢᲐᲚᲣᲠᲘ ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲡᲐᲘᲓᲣᲛᲚᲝ

  • Writer: Badri Beroo
    Badri Beroo
  • Feb 17
  • 2 min read

Updated: Jul 2

ფრაზა Trust Your Gut შეიძლება იმაზე ბევრად რეალური იყოს, ვიდრე სინამდვილეში გვგონია. ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს მნიშვნელოვან კავშირს ნაწლავების ჯანმრთელობასა და მენტალურ ჯანმრთელობას შორის და ხშირად მოიხსენიება, როგორც ნაწლავ-ტვინის ღერძი (Gut-Brain Axis). რას ნიშნავს ეს და როგორ ზრუნავენ პრობიოტიკები როგორც ნაწლავების, ასევე მენტალურ ჯანმრთელობაზე?


შენი ტვინი და ნაწლავები გამუდმებით ურთიერთქმედებენ ნერვების, ჰორმონებისა და ქიმიური ნივთიერებების რთული ქსელის მეშვეობით. ეს კავშირი, რომელსაც ნაწლავ-ტვინის ღერძს უწოდებენ, საშუალებას აძლევს შენს ნაწლავებს გავლენა იქონიოს შენს ფიქრებსა და შეგრძნებებზე და სტრესსაც კი გაუმკლავდეს. საინტერესოა, რომ ბედნიერების ჰორმონის, სეროტონინის 90%-ზე მეტი ნაწლავებში წარმოიქმნება, რაც ამ უკანასკნელს მნიშვნელოვან როლს ანიჭებს ემოციური ბალანსის შენარჩუნებაში.

 

ნაწლავ-ტვინის ღერძი გაცილებით მეტია, ვიდრე კომუნიკაციური სისტემა - ის საფუძვლად უდევს იმას, თუ როგორ ვითარდება შენი მენტალური და ემოციური ჯანმრთელობა. წარმოიდგინე ის, როგორც გზა ორმხრივი მოძრაობით: შენი ტვინი უგზავნის სიგნალს ნაწლავებს, ხოლო ნაწლავები პასუხობს შენს ფიქრებზე, განწყობასა და სტრესის დონეზე ზეგავლენის მოხდენით. ეს რთული ქსელი მუდმივად მუშაობს და ახდენს არა მხოლოდ შენი მომნელებელი სისტემის, არამედ მენტალური ჯანმრთელობის ფორმირებასაც.

 

კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებში, რომელთაც ნაწლავების პრობლემები აქვთ, მაგალითად, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS) ან ნაწლავის ანთებითი დაავადება (IBD), ხშირად აფიქსირებენ შფოთვისა და დეპრესიის უფრო მაღალ მაჩვენებლებს. ამრიგად, ნაწლავის დარღვეული მიკრობიომი არა მხოლოდ ფიზიკურ დისკომფორტს იწვევს, არამედ მენტალური პრობლემების განმაპირობებელიცაა.

 

ᲜᲐᲬᲚᲐᲕ-ᲢᲕᲘᲜᲘᲡ ᲙᲐᲕᲨᲘᲠᲘ

 

ნაწლავ-ტვინის კავშირში ჩართულია რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე:


  1. ᲔᲜᲢᲔᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲜᲔᲠᲕᲣᲚᲘ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐ

    ენტერალური ნერვული სისტემა არის ნეირონების რთული ქსელი, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტშია მოთავსებული. ტვინის ფარგლებს მიღმა ეს ყველაზე უფრო რთული ნერვული სისტემაა - ის 500 მილიონ ნეირონს ითვლის. თავისი უნიკალური თვისების - გარკვეულწილად დამოუკიდებლად მოქმედების გამო - მას ხშირად მეორე ტვინსაც უწოდებენ. ენტერალური ნერვული სისტემა აკონტროლებს მომნელებელ ფუნქციებს და შეუძლია ინფორმაციის გადამუშავება ლოკალურად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფარგლებში ტვინში სიგნალების გაგზავნის საჭიროების გარეშე. ის არის ავტონომიური ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც მართავს სხეულის უნებლიე ფუნქციებს, მაგალითად, გულისცემასა და საკვების მონელებას, მაგრამ მას ასევე შეუძლია იმოქმედოს დამოუკიდებლად.


  2. ᲕᲐᲒᲣᲡᲘᲡ ᲜᲔᲠᲕᲘ

    ვაგუსის ნერვი ძირითადი საკომუნიკაციო რგოლია ტვინსა და ენტერალურ ნერვულ სისტემას შორის. როგორც ერთ-ერთი 12 კრანიალური ნერვიდან, ის საწყისს იღებს ტვინში და ვრცელდება ქვემოთ მთელ სხეულში. ვაგუსის ნერვი აგზავნის სენსორულ ინფორმაციას ნაწლავიდან ტვინში და მოტორულ სიგნალს - ტვინიდან ნაწლავში. ასევე, მისი შუამავლობით ხდება რეფლექსების წარმოქმნა ნაწლავებში ცვლილებების (მაგალითად, საკვების არსებობა, ქიმიური ცვლილებები) საპასუხოდ. მათ ვაგალურ რეფლექსებს უწოდებენ.


  3. ᲜᲐᲬᲚᲐᲕᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲙᲠᲝᲑᲘᲝᲛᲘ

    ბაქტერიები შენს ნაწლავებში ასრულებს გადამწყვეტ როლს ნაწლავსა და ტვინს შორის კავშირის დამყარებაში. ეს მიკრობები ხელს უწყობენ ნეიროტრანსმიტერების გამომუშავებას, რომლებიც უზრუნველყოფენ კავშირს ნაწლავსა და ტვინს შორის. ისინი ასევე გამოიმუშავებენ სხვა ქიმიურ ნივთიერებებს, რომელთაც შეუძლიათ ტვინზე ზეგავლენის მოხდენა სისხლის მიმოქცევის საშუალებით.


ამრიგად, შენი ნაწლავების ჯანმრთელობაზე ზრუნვით შენ არა მარტო ხელს შეუწყობ საჭმლის მონელების პროცესს, არამედ საფუძველს ჩაუყრი შენს მენტალურ და ემოციურ ბალანსს, კონცენტრაციის გაუმჯობესებასა და ოპტიმისტურ განწყობასაც კი. შემდეგში, როცა მენტალურ ჯანმრთელობაზე გაიფიქრებ, გახსოვდეს, რომ ყველაფერი ნაწლავიდან იწყება.


 
 
 

Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.
bottom of page