top of page

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲝᲕᲣᲐᲠᲝᲗ ᲡᲐᲮᲡᲠᲔᲑᲡ?

  • Writer: mgelashvili7
    mgelashvili7
  • Jun 23, 2025
  • 3 min read

Updated: Jul 4, 2025

ყოველდღიური მოძრაობის კომფორტი, თავისუფლად გადაადგილება და სხეულის მოქნილობა მნიშვნელოვნად არის სახსრების ჯანმრთელობაზე დამოკიდებული, რამდენადაც სწორედ სახსრები აძლევს ჩვენს სხეულს საშუალებას, იმოძრაოს, შეასრულოს სხვადასხვა ფიზიკური აქტივობა და უზრუნველყოს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ერთიანობა. ასაკის მატებასთან, ფიზიკურ დატვირთვასთან ან ცხოვრების არაჯანსაღ წესთან ერთად, ხრტილი კარგავს ელასტიკურობას, თავს იჩენს ტკივილი და მოძრაობა რთულდება.


როცა მოძრაობა დისკომფორტის ან ტკივილის გამომწვევია, ხშირად მიზეზი ქვემოთ ჩამოთვლილი სახსრების დაავადებებია:


ართრიტი იგივე სახსრების ანთებაა. თავის მხრივ, უამრავი სახის ართრიტი არსებობს, მათ შორის, ოსტეოართრიტი და რევმატოიდული ართრიტი.


  • ოსტეოართრიტი ართრიტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, ის ხრტილის ცვეთითაა გამოწვეული და ყველაზე ხშირად ფეხებისა და მენჯის სახსრების ტკივილის სახით ვლინდება. მეტი თვალსაჩინოებისთვის, 2020 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის 7.6%-ს, 595 მილიონ ადამიანს აწუხებდა ოსტეოართრიტი. ეს მაჩვენებელი 1990 წლის შემდეგ 132%-ით არის გაზრდილი.

  • რევმატოიდული ართრიტი (RA) შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებაა, რომლის დროსაც ეროზიული ართრიტი (სინოვიტი) ვითარდება და სახსრების დაზიანებასა და დეფორმაციას იწვევს. ის ყველაზე ხშირად ზიანს აყენებს მცირე სახსრებს, მაგალითად, თითებს ან მაჯებს. სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ყოველ მესამე ადამიანს აქვს რევმატოიდული ართრიტი. არსებობს მოსაზრება, რომ ბოლო პერიოდში დაავადების გაახალგაზრდავება და საგრძნობლად გახშირება გამოიწვია მომატებულმა ყოველდღიურმა სტრესმა და ემოციურმა დაძაბულობამ.


პოდაგრა, რომელსაც "ნიკრისის ქარსაც" უწოდებენ, ნივთიერებათა ცვლის მოშლით მიმდინარე ართრიტია. ამ დროს სახსრებში ხდება კრისტალების დაგროვება, რაც მწვავე ტკივილს იწვევს. პოდაგრა ხშირად ვითარდება ფეხის დიდ (ცერა) თითზე, 35-50 წლის ადამიანებში, უმეტესად მამაკაცებში, ხოლო ქალებში - პოსტმენოპაუზურ პერიოდში.

ბურსიტი და ტენდინიტი კი ზედმეტი მოძრაობით, ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ანთებითი მდგომარეობებია, რომლებიც ხშირია მუხლებში, იდაყვებში ან მხრებში.


ᲠᲝᲒᲝᲠ ᲓᲐᲕᲘᲪᲕᲐᲗ ᲡᲐᲮᲡᲠᲔᲑᲘ?


ჯანმრთელი სახსრები პირდაპირ აისახება ჩვენი ცხოვრების ხარისხზე. სახსრებზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი გზებით:


  • რეგულარული ფიზიკური აქტივობა, თუნდაც მსუბუქი ვარჯიში ან სიარული, დაგეხმარება შეინარჩუნო სახსრების მოქნილობა.

  • წონის კონტროლი, რამდენადაც ეს ამცირებს სახსრებზე დატვირთვას.

  • ჯანსაღი საკვების მიღება, რომელიც შეიცავს ომეგა-3-ს, კალციუმს, D ვიტამინსა და სახსრების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან სხვა ვიტამინებსა და მინერალებს.

  • ჰიდრატაცია, საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება, დიდ გავლენას ახდენს სახსრებზე.

  • საკვები დანამატები, რადგან კვებით მიღებული აუცილებელი ნივთიერებები ხშირად არასაკმარისია და სწორედ ის უზრუნველყოფს ორგანიზმის შევსებას.



ᲡᲐᲮᲡᲠᲔᲑᲘᲡ ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲐᲣᲪᲘᲚᲔᲑᲔᲚᲘ ᲜᲘᲕᲗᲘᲔᲠᲔᲑᲔᲑᲘ


  1. ჰიდროლიზებული კოლაგენი (ტიპი II) წარმოადგენს ხრტილის ძირითად ცილოვან კომპონენტს, რომელიც პასუხისმგებელია მის სტრუქტურულ სიძლიერესა და ელასტიკურობაზე. II ტიპის კოლაგენი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახსრებისთვის, რადგან ის ხრტილის უჯრედშორისი მასის ძირითად ნაწილს შეადგენს. ჰიდროლიზებული კოლაგენი, ანუ წვრილად დაყოფილი (პეპტიდური) ფორმა კი, ბევრად უკეთ შეიწოვება საჭმლის მომნელებელ სისტემაში და ეფექტურად ნაწილდება იმ ქსოვილებში, სადაც ის ყველაზე მეტად საჭიროა - სწორედ სახსრებსა და ხრტილებში.

  2. გლუკოზამინი და ქონდროიტინი კომპლექსურად მოქმედებს ხრტილოვან ქსოვილზე. თავის მხრივ, გლუკოზამინი ხელს უწყობს არსებული ხრტილის შენარჩუნებასა და დაზიანებული უბნების რეგენერაციას, ხოლო ქონდროიტინი ეხმარება ხრტილოვან ქსოვილს შეინარჩუნოს ტენიანობა და ელასტიკურობა, რითაც ხრტილის ცვეთას ამცირებს. მათი კომპლექსი ხშირად გამოიყენება, როგორც პრევენციული და დამხმარე თერაპია ოსტეოართრიტისა და სხვა დეგენერაციული პროცესების დროს.

  3. MSM (მეთილსულფონილმეთანი), ორგანული გოგირდის ნაერთი, აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის სხვადასხვა ქსოვილის, მათ შორის, სახსრებისა და მყესების ელასტიკურობის შესანარჩუნებლად. MSM განსაკუთრებით ცნობილია თავისი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით - ის ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას, ამცირებს შეშუპებას და აუმჯობესებს მოძრაობის დიაპაზონს. საკვებ დანამატებში ის ხშირად გვხვდება სხვა ინგრედიენტებთან კომბინაციაში, ეს კი ზრდის ფორმულის საერთო ეფექტიანობას.

  4. ჰიალურონის მჟავა წარმოადგენს ბუნებრივ პოლისაქარიდს, რომელიც დიდი რაოდენობით გვხვდება სახსრებში, თვალებსა და კანის ქსოვილში. სახსრებში ის მონაწილეობს სინოვიალური სითხის წარმოქმნაში, ასევე, ხელს უწყობს ტკივილის შემცირებასა და სახსრების მოქნილობის შენარჩუნებას.

  5. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები (EPA და DHA), რომლებიც უხვად გვხვდება ცხიმიან თევზში ან თევზის ქონის დანამატებში, გამოირჩევა ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. EPA და DHA მჟავები ხელს უწყობს სახსრებში ანთებითი პროცესების შემცირებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახსრების ქრონიკული დაავადებების (მაგალითად, რევმატოიდული ართრიტის) დროს.


ᲕᲘᲢᲐᲛᲘᲜᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲛᲘᲜᲔᲠᲐᲚᲔᲑᲘ


  • ვიტამინი D3 აუცილებელი ვიტამინია კალციუმის შეწოვისა და ძვლის სიმტკიცის შესანარჩუნებლად. მისი დეფიციტი პირდაპირ მოქმედებს ძვლებისა და სახსრების სისუსტეზე.

  • ვიტამინი C აუცილებელი ანტიოქსიდანტია, რომელიც აქტიურად მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში.

  • მანგანუმი, თუთია და კალციუმი კი აუცილებელი მინერალებია ქსოვილოვანი სტრუქტურების სტაბილურობისთვის.


სახსრების ჯანმრთელობა ყოველდღიური კომფორტის ნაწილია - ის გავლენას ახდენს ჩვენს მოძრაობაზე, განწყობასა და ცხოვრების ხარისხზე. რადგან ასაკთან, დატვირთვასთან ან სხვა ფაქტორებთან ერთად ხრტილის ცვეთა გარდაუვალია, მნიშვნელოვანია, რომ ვიფიქროთ პრევენციაზე მანამ, სანამ დისკომფორტი ქრონიკულ ტკივილში არ გადაიზრდება.


სწორად შერჩეული საკვები დანამატები - მათ შორის კოლაგენი, გლუკოზამინი, ქონდროიტინი, MSM და სხვა - ამ პროცესში არ ცვლის მკურნალობას, არამედ გაძლევს იმ საჭირო მხარდაჭერას, რომელიც გეხმარება ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. მთავარია ვიცოდეთ, რას ვიღებთ და რატომ - ინფორმირებული გადაწყვეტილება პირველი ნაბიჯია ჯანმრთელი ცხოვრების გზაზე.


 
 
 

Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.
bottom of page